English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 2 ∘
პროფესორი ნუგზარ პაიჭაძე – 80

გამოჩენილი მეცნიერი, უმაღლესი სკოლის პედაგოგი, მენეჯერი

 – პროფესორი ნუგზარ პაიჭაძე 80 წლისაა

ნუგზარ პაიჭაძე დაიბადა 1940 წლის 22 ივნისს, სამტრედიის რაიონის სოფელ გამოჩინებულში, მარგალიტა და ნიკოლოზ პაიჭაძეების მრავალშვილიან ოჯახში. მან 1958 წელს წარჩინებით დაამთავრა ჩოხატაურის რ–ნის საჭამიასერის საშუალო სკოლა. აღსანიშნავია, რომ წარმატებულ სწავლას იგი შესანიშნავად უთავსებდა ფიზიკურ შრომას და თავისი წვლილი შეჰქონდა ოჯახის ცხოვრებაში. მან ასევე ღირსეულად მოიხადა ბელორუსიაში სამხედრო სამსახური, ლეიტენანტის წოდებით დაბრუნდა სამშობლოში და მაშინვე თბილისის რკინიგზაზე დაიწყო მუშაობა მეისრედ. ამასთან, ჯარისკაცულ ცხოვრებასა და ფიზიკურ შრომაში გამოწრთობილი ახალგაზრდის ურყევი სურვილი – მიეღო უმაღლესი განათლება,  1964 წელს აისრულა – დაძლია დიდი კონკურსი და  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტის შრომის ეკონომიკის სპეციალობის სტუდენტი გახდა. მან აქაც თავი ისახელა მაღალი აკადემიური მოსწრებითა და ბეჯითი ქცევით. იგი თითქმის მთელი სტუდენტობის პერიოდში იყო ჯერ ჯგუფხელი და მერე ფაკულტეტის ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ–ერთი წარმატებული ხელმძღვანელი. ნუგზარ პაიჭაძემ, როგორც უნივერსიტეტის სტუდენტური რაზმის ხელმძღვანელმა ყამირი მიწების ათვისებაში, მრავალი უმაღლესი ჯილდო დაიმსახურა.

ნუგზარ პაიჭაძეს, კარგი სწავლით გამორჩეულ და საზოგადოებრივ საქმიანობაში აქტიურად ჩართულ ახალგაზრდას, ჰქონდა ბედნიერება უშუალო კონტაქტი ჰქონოდა და მოესმინა საქვეყნოდ ცნობილი მეცნიერ–პედაგოგების, პროფესორების  ნიკოლოზ ქოიავას, ირაკლი მიქელაძის, გივი ჭანუყვაძის, ვალერიან ბახტაძის, არჩილ ფანცხავას, ლუარსაბ კარბელაშვილის, გიორგი პაპავას, ედუარდ კოდუას, ბიძინა ლუტიძის და სხვების ლექციები.

ნუგზარ პაიჭაძე თავიდანვე აქტიურად ჩაება სტუდენტთა სამეცნიერო წრეების მუშაობაში. ჯერ კიდევ პირველი კურსის სტუდენტი იყო, როცა მისმა მოხსენებამ სტუდენტებისა და ლექტორების მოწონება დაიმსახურა და  დაიბეჭდა უნივერსიტეტის სტუდენტთა სამეცნიერო კრებულში. 

თსუ–ს წარმატებით დამთავრების შემდეგ ნუგზარ პაჭაძე 1969–1972 წლებში, იქვე  შრომის ეკონომიკის სპეციალობის ასპირანტია, ხოლო ასპირანტურის დასრულების შემდეგ, 1973 წელს წარმატებით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია.

ნუგზარ პაიჭაძე 1972–1974 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დარგობრივი ეკონომიკის ფაკულტეტის მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის კათედრის უფროს მასწავლებლად, ხოლო 1974–78წწ. შრომის ეკონომიკისა და ორგანიზაციის კათედრის დოცენტად, 1978-1989 წლებში კი –საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტის სამრეწველო ორგანიზაციისა და მართვის კათედრის დოცენტია.

1974 წლიდან დოც. ნ.პაიჭაძე საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტის დეკანის მოადგილეა,  ხოლო  1979 წლიდან 2005 წლამდე ფაკულტეტის დეკანი იყო, ანუ 26 წლის განმავლობაში, რაც უპრეცენდენტოა თსუ–ს ისტორიაში. მან ეს დაიმსახურა ამ პოსტზე სტუდენტებისა და აკადემიურ პერსონალთან გაწეული დაუღალავი, ნაყოფიერი და შემოქმედებითი საქმიანობით. იგი იყო ყველა სფეროში ობიექტური, მუდამ სტუდენტების გვერდში მდგომი, მათი სამართლიანი ინტერესების დამცველი, ყველა კოლეგისათვის პატივსაცემი, ჭეშმარიტად დემოკრატი და დიდსულოვანი, უკონფლიქტო  ხელმძღვანელი.

ნუგზარ პაიჭაძე ფაკულტეტის დეკანის საპატიო და ფრიად საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ღირსეულად მოღვაწეობასთან ერთად, მუდმივად ზრუნავდა  სამეცნიერო და პროფესიული მომზადების დონის ამაღლებაზე. მან  1988 წელს ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად დაიცვა სადისერტაციო ნაშრომი: ,,შრომის ნაყოფიერება და მისი ამაღლების პრობლემები წარმოების ინტენსიფიკაციის პირობებში“, რის საფუძველზეც  ერთხმად მიენიჭა ძიებული ხარისხი. ნუგზარ პაიჭაძე თსუ-ს პროფესორია 1990 წლიდან.

1993–2007 წლებში ნუგზარ პაიჭაძე უნივერსიტეტთან არსებული სექტორული ეკონომიკის, შრომის ეკონომიკისა და დემოგრაფიის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარეა. საქართველოში, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, XX ს. 90–იანი წლების პირველ ნახევარში სამეცნიერო საქმიანობის სფეროში მნიშვნელოვანი რეფორმა ჩატარდა – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან შეიქმნა სწავლულ ექსპერტთა საბჭო და  ჩამოყალიბდა სადისერტაციო საბჭოები. ეკონომიკის დარგობრივი სექციის თავმჯდომარედ დაინიშნა აკად. ლადო პაპავა, ხოლო წევრებად- თსუ–ს პროფესორები გიორგი ადეიშვილი და ნუგზარ პაიჭაძე.

წარმატებული სამეცნიერო, სასწავლო და საზოგადოებრივი მუშაობისათვის, პროფ.ნუგზარ პაიჭაძე დაჯილდოებულია  ღირსების ორდენითა და ივანე ჯავახიშვილის მედლით.

1998-2006 წლებში, ნუგზარ პაიჭაძე აქტიურ მონაწილეობას იღებდა  უნივერსიტეტის  რექტორის, აკადემიკოს როინ მეტრეველის ინიციატივით შექმნილ ეკონომიკური პროფილის ფაკულტეტების სასწავლო და სამეცნიერო მუშაობის საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობაში, რომლის თავმჯდომარე იყო ცნობილი მეცნიერი აკად. ავთანდილ სილაგაძე.

2006 წლის სექტემბრიდან პროფესორი ნუგზარ პაიჭაძე თსუ–ს ასოცირებული პროფესორია. იგი 2019 წლამდე მუშაობდა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრაზე, 2019 წლის ნოემბრიდან კი გლობალურ გარემოში მენეჯმენტის კათედრაზე მოღვაწეობს.

ხანგრძლივი სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის განმავლობაში, გარდა საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციებისა, პროფესორ ნუგზარ პაიჭაძეს შრომის ნაყოფიერების, დასაქმებისა და უმუშევრობის, ადამიანური რესურსების მართვისა თუ სხვა აქტუალურ ეკონომიკურ პრობლემებზე გამოქვეყნებული აქვს 150 და  მეტი ნაშრომი, მათ შორის რამდენიმე მონოგრაფია, 10-მდე სახელმძღვანელო და დამხმარე სახელმძღვანელოა. უმეტეს მათგანზე ცნობილი მეცნიერ–სპეციალისტთა მიერ გამოქვეყნებულია დადებითი რეცენზიები.

პროფ. ნ.პაიჭაძის ხელმძღვანელობით მომზადდა  ორ ათეულზე მეტი  სადოქტორო და საკანდიდატო დისერტაცია, იყო მრავალი დოქტორანტის სადისერტაციო, მაგისტრანტისა და ბაკალავრის სადიპლომო ნაშრომების ხელმძღვანელი.

პროფესორი  ნუგზარ პაიჭაძე საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის, ასევე, ბიზნესის მეცნიერებათა აკადემიის წევრია.

ნუგზარ პაიჭაძე დიდი ოჯახის ერთგული წინამძღოლია. მისმა ღირსეულმა მეუღლემ ქ–მა მარინე ჯინიყაშვილმა, თავისი ერთგულებით და დაუღალავი შრომით, დიდი წვლილი შეიტანა  მეუღლის შემდგომ წარმატებებში, მეცნიერულ და სამსახურებრივ წინსვლაში. მათ ჰყავთ ორი ვაჟი -კახა და ლაშა და ერთი ქალიშვილი - მაია (სამივე დაოჯახებული) და 7 შვილიშვილი. სასიხარულოა, რომ სამივე შვილი წარმატებულ შრომით საქმიანობას ეწევა ბიზნესის სხვადასხვა სფეროში.

ამ მოკლე ბიოგრაფიული მიმოხილვიდანაც ნათელია, თუ რაოდენ დიდია ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ნუგზარ პაიჭაძის დამსახურება ქართული ეკონომიკური მეცნიერებისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინაშე. ბატონი ნუგზარი, როგორც მრავალი ათეული წლის განმავლობაში, ამჟამადაც ჩვეული შემართებით ემსახურება სტუდენტი – ახალგაზრდობის აღზრდის საქმეს და კვლავაც აგრძელებს მეცნიერულ მოღვაწეობას.

დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ვულოცავთ საიუბილეო თარიღს  ცნობილ მეცნიერს, პედაგოგს, სასიქადულო მამულიშვილს ბატონ ნუგზარ პაიჭაძეს და ჯანმრთელობას, ბედნიერებას და  დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებთ.

 აკადემიკოსები ვლადიმერ პაპავა,  ავთანდილ სილაგაძე,

პროფესორები – გიორგი ღაღანიძე, ელგუჯა მექვაბიშვილი, თეიმურაზ ბერიძე,

რევაზ გოგოხია, მირიან ტუხაშვილი, იური ანანიშვილი, მირონ ტუღუში.